დელტა
დელტას შესახებ
დელტას შესახებ

სსსტც „დელტა“ არის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ,,დელტას,, ისტორია სათავეს XX-საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს, 90-იანი წლების დასაწყისიდან კი კვლევითი ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაუქვემდებარდა.
დღევანდელი სახით სსსტც ,,დელტა,, 2010 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც ცენტრს ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა დაექვემდებარა.
ორგანიზაციის მუშაობის სფერო ძირითადად ორიენტირებულია თავდაცვითი და სამოქალაქო მრეწველობის მიმართულებით.

ცენტრი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას. მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

სსიპ სსსტც „დელტას“  მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და საქმიანობის სფერო განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №25 ბრძანებულებით  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სსსტც „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ


 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სსსტც „დელტას“ დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრი „დელტა“ (შემდგომში – ცენტრი) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სსსტც „დელტა“. ცენტრი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას.

2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

3. ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები, კანონქვემდებარე აქტები და წინამდებარე დებულება.

4. ცენტრი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.

5. სამინისტროს თანხმობით, ცენტრი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

6. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით, სატიტულო ბლანკი და შტამპები.

7. ცენტრის იურიდიული მისამართია:

საქართველო, თბილისი, 0169, მნათობის ქ. №73

მუხლი 2. ცენტრის  სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები

ცენტრთან შექმნილია შემდეგი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები – საჯარო სამართლის იურიდიული პირები (შემდგომ – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება):

ა) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი;

ბ) რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი;

გ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი;

დ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი;

ე) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი;

ვ) ინსტიტუტი „ოპტიკა‘‘.