დელტა
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისში, ვარდების მოედანზე სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურმა ცენტრმა "დელტა"-მ საზოგადოებას ქართული წარმოების საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება წარუდგინა.
უკვე ყველასათვის ნაცნობი "დიდგორისა" და "ლაზიკას" გარდა წარმოდგენილი იყო 15-მდე ახალი ტიპისა და დანიშნულების პროდუქტი. მათ შორის უახლესი სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი, უნივერსალური საბრძოლო მოდულები, 120 მმ კალიბრის თვითმავალი ნაღმმტყორცნის მოდული, .308 და .338 კალიბრის სნაიპერული შაშხანები "სატევარი" და "დელტა ტაქტიკალი", 9 მმ-იანი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი "იამანი", სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი სდ-26 და სხვა.
დელტას საგამოფენო სტენდებმა და უახლესმა ქართულმა სამხედრო ტექნიკამ დამთვალიერებელთა შორის განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა.

სრული ფოტოალბომი facebook-ზე

 

NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის რიგით მე-6 სხდომა

17 მარტს თბილისში სასტუმრო რუმსში NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის და სსიპ სსსტც „დელტა“ -ს თანაორგანიზებით NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის მმართველი კომიტეტის რიგით მე-6 სხდომა გაიმართა. კომიტეტის სხდომას ცენტრის წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრენ, მათ შორის, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრიუს კრივასი და სხვა ოფიციალური პირები. კომიტეტის გახსნას ასევე დაესწრენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, საელჩოების წამომადგენლები და ატაშეები, NATO-ს საინფორმაციო ცენტრისა და NATO-ს უზრუნველყოფის ცენტრის წარმომადგენლები.
სსიპ სსსტც „დელტამ“ ცენტრთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას 2014 წლის 16 ოქტომბერს მოაწერა ხელი. ENSEC COE-ს პირველი გაფართოება ნატოს არაწევრი ქვეყნით- საქართველოთი დაიწყო. ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, ცენტრის მიერ განხორციელებულ კვლევებში და პროგრამებში ქართული მხრიდან სსიპ სსსტცს ,,დელტა’’ ჩაერთო, რომელსაც ზემოთაღნიშნულ ორგანიზაციაში ერთი მუდმივი წარმომადგენელი ჰყავს.
NATO-ს არაწევრ ქვეყანასთან ამ ტიპის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა თავის მხრივ უპრეცედენტო მოვლენაა.დოკუმენტს ქართული მხრიდან ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა, NATO-ს მხრიდან კი, ლიტვის თავდაცვის მინისტრმა იუზას ოლეკასმა და ENSEC COE-ს უფროსმა, გინტარას ბაგდონასმა.

საინფორმაციო შეხვედრა სიღნაღში

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით 7 მარტს სიღნაღის თეატრის დარბაზში სსსტც "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის იმ სოფლების მოსახლეობას შეხვდა, რომლის სიახლოვესაც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის კომპონენტები: მეტეოროლოგიური რადიოლოკატორი და საცეცხლე წერტილები განლაგდება.
შეხვედრაზე დაინტერესებულ მოქალაქეებს საჭირო ინფორმაცია მიეწოდათ, მათ დასმულ კითხვებს კი ამომწურავი პასუხები გაეცა.
სსსტც "დელტა" მსგავს შეხვედრებს კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში სამომავლოდაც გამართავს.

მეტეოროლოგიური რადიოლოკატორის მონტაჟი ჭოტორის მთაზე

 კახეთში ჭოტორის მთაზე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის მეტეოროლოგიური რადიოლოკატორის სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა.
სისტემის მოწყობას სსიპ სსსტც "დელტა" ახორციელებს, სამშენებლო სამუშაოებს კი მისი შვილობილი კომპანია შპს "მშენებელი-2011".
სეტყვის საწინააღმდეგო ერთიანი სისტემა კახეთში აპრილის ბოლოს ამუშავდება, ნალექებზე ზემოქმედების საცეცხლე წერტილები მთელს რეგიონს გადაფარავს და სეტყვისგან მიყენებულ ზარალს 95 % ით შეამცირებს.

“დელტას” და Keysight Technologies-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისში, 2015 წლის 11-12 მარტს, სასტუმრო Radisson Blu-ს საკონფერენციო დარბაზში სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა “დელტამ” და კომპანია Keysight Technologies-მა ორდღიანი სემინარი – Keysight Innovative Test and Measurement Solutions გამართეს.

სემინარის პირველი დღე Keysight Technologies-ის პრეზენტაციას დაეთმო, რომელსაც ელექტრონიკის სფეროში მომუშავე ქართველი მეცნიერები და სპეციალისტები დაესწრნენ.
მეორე დღეს კი აღნიშნულ კომპანიას და სსსტც “დელტას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
კომპანია Keysight-ის მიერ წარმოებული ელექტრონული საზომი ინსტრუმენტები, სისტემები, პროგრამული უზრუნველყოფა და მომსახურება ელექტრონული მოწყობილობების წარმოება ექსპლუატაციაში გამოიყენება, კერძოდ ციფრული აპარატურის, სხვადახვა სიხშირეების გენერირება-მოდელირებაში და ა.შ. ელექტრონული სქემების შესამუშავებლად კომპანია ამზადებს სპეციალურ პროგრამებს, რომლითაც შესაძლებელია საზომი – ელექტრონული მოწყობილობების წარმოება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გაიზომოს სიხშირული სპექტრი, მოხერხდეს ელექტრონული სიგნალების შემოწმება და მიკროსქემების ფუნქციონირება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში Keysight Technologies-ი სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების სისტემების პროგრამულ უზრუნველყოფას განახორციელებს, რაც უმაღლეს დონეზე აიყვანს საქართველოში მაღალტექნოლოგიური შეიარაღების და მოწყობილობების წარმოების საკითხს.

1 10 11 12 13 14