დელტა
სტუდენტების პრაქტიკის პროგრამა

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" იწყებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პრაქტიკის პროგრამას სტუდენტებისთვის.

პროგრამა ითვალისწირებს საწყის ეტაპზე რამდენიმე ათეული სტუდენტის პრაქტიკის გავლას "დელტას' მენეჯმენტში.

სტუდენტური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ქართული უნივერსიტეტის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტს, რომელსაც აქვს სურვილი და მოტივაცია უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განამტკიცოს და საკუთარი შესაძლებლობები მოახმაროს ქართული სამხედრო-სამეცნიერო სფეროს განვითარებას.

პროგრამას აქვს სისტემატიური სახე და იგი მაქსიმალურად მორგებულია სტუდენტების სასწავლო განრიგს. პრაქტიკის ხანგრძლივობა შეადგენს 45 დღეს. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად არ არის აუცილებელი სამუშაო გამოდილების ქონა.

მსურველებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე(CV) და ნიშნების ფურცელი მისამართზე hr@delta.gov.ge - 2015 წლის 15 აპრილამდე. ელ. ფოსტის შესაბამის ველში მიუთითეთ დაინტერესებული მიმართულება შემდეგი დეპარტამენტების მიხედვით:

  • ადმინისტრაცია
  • ფინანსებისა და დაგეგმარების დეპარტამენტი
  • სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი
  • ლოგისტიკის დეპარტამენტი
  • პროექტების მართვის დეპარტამენტი
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტი
  • საოპერაციო მართვის დეპარტამენტი
  • შიდა აუდიტის და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი
  • საკონსტრუქტორო დიზაინის კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი
  • ადამიანური რესურსების  მართვის დეპარტამენტი
  • სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი

 

რეზიუმეების მიღების შემდეგ მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და მისი შედეგების მიხედვით კანდიდატების პრაქტიკის პროგრამაში ჩართვა.

 

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საცეცხლე წერტილების მოწყობა მიმდინარეობს.

სსსტც "დელტას" მიერ  სეტყვის საწინაღმდეგო სისტემის მშენებლობის ფარგლებში, კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში წინასწარ შერჩეულ წერტილებზე სეტყვის საწინააღმდეგო საცეცხლე წერტილების მოწყობა მიმდინარეობს

სარაკეტო- საცეცხლე წერტილები სეტყვის საწინაღმდეგო ერთიანი სისტემის შემადგენელი კომპონენტებია, სულ კახეთის მასშტაბით 83 ერთეული ასეთი წერტილი მოეწყობა.
შემდგომ ეტაპზე საცეცხლე წერტილებზე სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარები დამონტაჟდება.
მშენებლობას სსსტც "დელტას" შვილობილი კომპანია  "მშენებელი-2011" აწარმოებს.

პარალელურად "დელტას" საწარმოებში სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარების დამზადება მიმდინარეობს.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამოქმედების შემდეგ კახეთის რეგიონში სეტყვისაგან მიყენებული ზარალი 85-95 %-ით შემცირდება.  სისტემის მოწყობას სსსტც "დელტა" საქართველოს მთავრობის დაკვეთით ახორციელებს.

კახეთში მეტეოროლოგიური რადიოლოკატორის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

საქართველოს მთავრობის დაკვეთით, სსსტც ''დელტას" მიერ კახეთის რეგიონში მიმდინარე სეტყვის საწინაღმდეგო სისტემის მშენებლობის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფელ ნუკრიანის სიახლოვეს მეტეოროლოგიური რადიოლოკაციური სადგურის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
ჭოტორის მთაზე, წინასწარ განსაზღვრულ წერტილზე სტაციონარული რადიოლოკაციური სადგურის კოშკურის საძირკველი გაითხარა.
მშენებლობას სსსტც "დელტას" შვილობილი კომპანია  "მშენებელი-2011" აწარმოებს, რომლის თანამშრომლებიც თოვლიანი ამინდის მიუხედავად  მძიმე ტექნიკის დახმარებით შეუჩერებლად მუშაობენ.
რადიოლოკატორის საყრდენი კოშკურის აწყობა კი სსსტც "დელტას" საწარმოებში მიმდინარეობს.

მეტეოროლოგიური რადიოლოკატორი სეტყვის საწინაღმდეგო ერთიანი სისტემის შემადგენელი კომპონენტია, მისი საშუალებით სეტყვის ღრუბლის აღმოჩენა და კონტროლი ადრეულ სტადიაზე მოხდება. რადიოლოკაციური სადგური კახეთის მთელს რეგიონს გადაფარავს.

პარალელურად კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში წინასწარ შერჩეულ ადგილებზე აქტიურად მიმდინარეობს სეტყვის ღრუბელზე ზემოქმედების საცეცხლე წერტილების მოწყობა.  სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამოქმედების შემდეგ კახეთის რეგიონში სეტყვისაგან მიყენებული ზარალი 85-95 %-ით შემცირდება.

 

ამხანაგური მატჩი მჯდომარე ფრენბურთში

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილი ქართველი სამხედროების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრირების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, 16 თებერვალს თავდაცვის სამინისტროში მჯდომარე ფრენბურთში ამხანაგური მატჩი გაიმართა. სპორტულ ასპარეზობაში ერთმანეთს აფხაზეთის ომში, 2008 წლის აგვისტოს ომსა და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“  თანამშრომელთა გუნდები შეეჯიბრნენ.

ამხანაგურ მატჩს საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ასევე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის და სსტც „დელტას“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

მატჩს საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის მიერ მოვლენილი პროფესიონალი არბიტრი აკვირდებოდა. თამაში, ანგარიშით 24:21, დაჭრილი სამხედროების გამარჯვებით დასრულდა.

ბრძოლებში დაჭრილი სამხედროებისგან დაკომპლექტებული მჯდომარე ფრენბურთის გუნდი საქართველოში პირველად შეიქმნა. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობასთან ერთად, რეაბილიტაციის პროცესში სსტც „დელტაც“ აქტიურად მონაწილეობს. სპეციალურად მჯდომარე ფრენბურთის დღევანდელი მატჩისა და სპორტის ამ სახეობის მომავალში განვითარების მიზნით, სსტც „დელტამ“ ფრენბურთის ბადე და ბადის დასაჭიმი სამაგრები დაამზადა და საჩუქრად  დაჭრილ მეომრებს გადასცა.

სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები აქტიურად არიან ჩართული სპორტულ ღონისძიებებში. დაშავებული ქართველი სამხედროები, ნატოს წევრი ქვეყნების დაჭრილ სამხედროებთან ერთად, მარტში, კალიფორნიის შტატში დაგეგმილ საერთაშორისო შეჯიბრებაში - "დაჭრილ მეომართა თამაშები" მიიღებენ მონაწილეობას. დღევანდელი ამხანაგური თამაში სან-დიეგოს ჩემპიონატის წინ ჩასატარებელი მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია.

სოფელ სკრაში განაღმვითი სამუშაოები იწყება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრასთან მდებარე აფეთქებული საბძოლო მასალების საცავის ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები იწყება.
პროექტი „საქართველო IV” ის ფარგლებში სამუშაოებს სახელმწიფო სამხედრო ტექნიკური ცენტრი „დელტა” საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.
პროექტი NATO-ს უზრუნველყოფის სააგენტოს (NSPA - NATO Support Agency) მხარდაჭერით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და პარტნიორი 13 ქვეყნის ხელშეწყობით, ლიტვის და ჩეხეთის რესპუბლიკების თაოსნობით ხორციელდება. პროექტის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 1 600 000 ევროს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს სოფელ სკრაში ნატოს ნდობის ფონდის პროექტების მენეჯერი დევიდ თაუნდროუ, სსსტც „დელტას” და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ოფიციალურმა სტუმრებმა მიმდინარე მოსამზადებელი და უკვე შესრულებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსმა სამხედროებმა დანაღმეს და ააფეთქეს გორის რაიონის სოფ. სკრაში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მიწისქვეშა საცავი, რომელშიც განთავსებული იყო სხვადასხვა სახეობისა და დანიშნულების საბრძოლო მასალები, აფეთქების შედეგად ჩამოიშალა დაახლოებით 250 ათასი კუბური მეტრი მოცულობის მიწის ქანები, რომლის ქვეშაც განთავსებული იყო საცავი. აფეთქების შედეგად საბრძოლო მასალებისა და ფეთქებადი ნივთიერებების ნაწილი გამოიტყორცნა რამოდენიმე ასეულ მეტრზე და გაიფანტა საცავის წინ, დაახლოებით 130000 მ2 ტერიტორიაზე, ხოლო ძირითადი ნაწილი დარჩა დანგრეულ საცავში ჩამოშლილი მთის მასივის ქვეშ.
ომის შემდეგ განხორციელდა საცავის მიმდებარე ტერიტორიის განაღმვა და გასუფთავება საცავის აფეთქების შედეგად გამოტყორცნილი საბრძოლო მასალების, მათი შემადგენელი ნაწილებისა და ფრაგმენტებისაგან, რომლებიც დადგენილი წესით გადატანილი და განადგურებული იქნა სამხედრო პოლიგონზე სსიპ სსსტც "დელტა"-ს სპეციალისტებისა და თავდაცვის სამინისტროს სათანადო სტრუქტურების მონაწილეობით.
პროექტის მიზანია საცავის აფეთქების შედეგად მთის მასივის ჩამონაშალ ქანებში მოყოლილი საბრძოლო მასალების მოძიება, გამოტანა, დახარისხება, საფრთხეშემცველი ნაწილის უტილიზაცია და განადგურება და დაბინძურებული ჩამოშლილი ქანების ნეიტრალიზაცია.

სამუშაოები ხორციელდება სსიპ სსსტც "დელტა"-სა და მასთან არსებული სამთო ინსტიტუტისა და მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ, ასევე "დელტა"-ს ომის ფეთქებადი ნარჩენების საკოორდინაციო ცენტრისა და თავდაცვის სამინისტროს სათანადო სტრუქტურების მონაწილეობითა და ხელშეწყობით.
სსიპ სსსტც "დელტა"-ს 2003 წლიდან დღემდე ნატო-ს, ეუთო-ს, აშშ-სა და გერმანიის დაფინანსებით განხორციელებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც ეხებოდა ვადაგასული და ჩამოწერილი საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფას, გადამუშავებასა და განადგურებას, ასევე გარემოსდაცვითი სამუშაოების ჩატარებას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბჭოთა კავშირის, შემდგომ რუსეთის, შეიარაღებული ძალების ყოფილ სამხედრო ბაზებზე.

1 11 12 13 14