დელტა
“დელტამ” ინდონეზიის რესპუბლიკაში სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა BISON-ი გააგზავნა.

სსსტც "დელტამ" ინდონეზიის რესპუბლიკაში სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა DIDGORI MedEvac-ის სპეციალური მოდიფიკაცია BISON-ი გააგზავნა.
აღნიშნული მოდელი წარმოადგენს ჯავშანმანქანა დიდგორის დაჯავშნულ სამედიცინო მოდიფიკაციას, რომლის დანიშნულებაც ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოყვანაა.
სსსტც დელტას შესაბამისი სამსახური აქტიურ მუშაობას აგრძელებს შეიარაღების საერთაშორისო ბაზარზე ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკის ექსპორტზე გასატანად.

ზურაბ აზარაშვილი „დელტას“ ხელმძღვანელად დაინიშნა

სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტას“ თანამშრომლებს ზურაბ აზარაშვილი პირადად წარუდგინა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას „დელტას“ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ახალი მენეჯმენტისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი თანამშრომლებისთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა იქნება. „ჩვენი მთავარი მიზანია „დელტაში“ მომუშავე თითოეული თანამშრომელი იყოს კმაყოფილი. ჩვენ უზრუნველყოფთ მათი პოტენციალის სწორად გამოყენებას ქვეყნის გასაძლიერებლად“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტას“ თანამშრომლებთან შეხვედრისას.

„დელტას“ ახალ დირექტორს, ზურაბ აზარაშვილს კომერციულ სტრუქტურებში, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს.

სამხედრო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“  საავიაციო ქარხანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ჩარხ-დანადგარებს აღადგენს

მიმდინარე წელს მიღწეულ იქნა შეთანხმება დელტასა  და სს „თამ“ თბილავიამშენს შორის მოძრავი ქონებით სარგებლობის თაობაზე, რომლის საფუძველზეც დელტას ეძლევა საშუალება გაარემონტოს და ექსპლუატაციაში ჩაუშვას 2010 წლამდე პერიოდში თბილისის საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე (ე.წ. 31 ქარხანა) არსებული დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული ის ჩარხ-დანადგარები, რომლებიც  უმნიშვნელოვანესია ეროვნულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში შემავალ მიმართულებათა განვითარებისთვის, მათ შორის სახმელეთო და საავიაციო მანქანათმშენებლობა.

როგორც ცნობილია, სსიპ სსსტც „დელტა“ ე.წ. 31 ქარხნის ტერიტორიაზე ოპერირებს უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც 2013 წლიდან გაფორმებული აქვს სს „თამ“ თბილავიამშენთან. სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში, საწარმოო სიმძლავრეების აღდგენის მიზნით, მოხდა ზემოხსენებული შეთანხმების მიღწევა.

უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე დელტამ ე.წ. 31 ქარხნის ტერიტორიაზე უკვე გაარემონტა  საწარმოები, სადაც ახლა სრულყოფილად მიმდინარეობს მეტალურგიული, საშემდუღებლო, სახარატო და სხვა სახის სამუშაოები, აღნიშნულ ტერიტორიაზე, აშენდა ჯავშანმანქანების ახალი საამწყობო საწარმო, რაც აქამდე არსებული საწარმოო შესაძლებლობების ათვისების კარგი მაგალითია.

საძირკველი ჩაეყარა ეროვნული მნიშვნელობის დიდი გაბარიტების მქონე დეტალების სახარატო დამუშავების საწარმოს მშენებლობას, რომელიც მოემსახურება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებს.

 დიდ გაბარიტებზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებს მორგებული საწარმო შესაძლებელს გახდის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიის გაუმჯობესებას და შესაძლებელი იქნება ისეთი ტექნოლოგიურად რთული კონსტრუქციების შექმნა, რომელთა დამზადებაც აქამდე შეუძლებელი იყო. 

დელტა აგრძელებს ეროვნული სამხედრო-სამრეწველო ბაზის ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას და ასევე იწყებს 2010 წლამდე პერიოდში დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული ჩარხ-დანადგარების რემონტსა და მოვლა-პატრონობას.

სსიპ სსსტც „დელტასა“ და სს „თამ“ თბილავიამშენს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ცენტრი ვალდებულებას იღებს შეაკეთოს და მუშა მდგომარეობაში ამყოფოს ჩარხ-დანადგარები, დელტას მეურვეობა უზრუნველყოფს ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა ტექნიკური უსაფრთხოების წესების მკაცრად დაცვას, ჩარხ-დანადგარების მუშა, გამართულ მდგომარეობაში ყოფნას მათი მესაკუთრის მიერ შეუფერხებლად ოპერირების პირობებში. 

ვინაიდან, ე.წ. 31 ქარხნის ტერიტორიაზე არსებული ჩარხ-დანადგარები უმნიშვნელოვანესია ეროვნულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში შემავალ სხვადასხვა მიმართულებათა განვითარებისთვის, დელტაში უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც შეისწავლის ზემოხსენებული ქონების მდგომარეობას და შეადგენს მათი რემონტისა და მოვლა-პატრონობის ერთიან გეგმას.

 

საერთაშორისო ჩემპიონატი „პირადი მცველი 2018“
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ჩემპიონატ „პირად მცველ 2018“-ში სსიპ სსსტც „დელტამ“ ეროვნული წარმოების სამხედრო დანიშნულების პროდუქცია წარმოადგინა.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა განახლებული ინფრასტრუქტურით პირად მცველთა საერთაშორისო ჩემპიონატს- „პირად მცველ 2018“-ს უმასპინძლა. სამსახურის სასწავლო ცენტრში უახლესი სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საფეხბურთო მოედანი სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ შინაგან საქმეთა მინისტრ, ვიცე-პრემიერ გიორგი გახარიასთან და რეგიონული განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის მინისტრ, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან ერთად გახსნა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები და კოლეგა სამსახურების ხელმძღვანელები დაესწრნენ. აღნიშნული ჩემპიონატი ყოველწლიურად ტარდება 2011 წლიდან და მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, უკრაინის, ავსტრალიის, სომხეთის, ბელარუსიის რესპუბლიკის, ბულგარეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, რუმინეთის, აშშს-ს, ყაზახეთის, პოლონეთის, ისრაელის, ხორვატიის, სლოვაკეთის, იორდანიის, ყატარისა და ჩინეთის წარმომადგენლები.
ქართულმა სამხედრო პროდუქციამ დამთვალიერებლი და ოფიციალური წარმომადგენლობების დიდი ყურადღება მიიქცია.
სსსტც “დელტა” საერთაშორისო სამხედრო გამოფენაზე EUROSATORY 2018

საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს უმსხვილეს სამხედრო გამოფენა EUROSATORY-ზე სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოდგენილ იქნა ქართული წარმოების სამხედრო პროდუქცია.

11-15 ივნისს საფრაგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართა მასშტაბური საერთაშორისო სამხედრო გამოფენა „ევროსატორი 2018, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თავდაცვითი მრეწველობის 1800 ზე მეტმა კომპანიამ მსოფლიოს 63 ქვეყნიდან. გამოფენას 227 ოფიციალური დელეგაცია, ჯამში 58 ათასამდე ვიზიტორი დაესწრო.

სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ გამოფენაზე წარმოადგინა ქართული წარმოების შეიარაღების ნიმუშები,
მათ შორის მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი, სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა, 60, 82 და 120 მმ ნაღმმტყორცნები, მოდერნიზებული ხელის ყუმბარმტყორცნი, მოდერნიზებული ოპტიკურ-ელექტრონული სენსორული ბლოკით აღჭურვილი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7, ჯავშანჟილეტები MK-1 და MK-2, ჯავშანჩაფხუტები, 12,7 მმ კალიბრის ანტიმატერიული შაშხანა, უხმაურო ნაღმმტყორცნი „მყუდრო“, ორ სიბრტყეში სტაბილიზებული უნიფიცირებული დისტანციური მართვის მოდული და სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი.

ქართულმა სამხედრო პროდუქციამ დამთვალიერებლის და ოფიციალური წარმომადგენლობების დიდი ყურადღება მიიქცია. დელტას გენერალურ დირექტორთან უჩა ძოძუაშვილთან ჩაიწერა ინტერვიუები ისეთი წამყვანი სამხედრო-ანალიტიკური სააგენტოების მიერ, როგორიცაა Army Recognition World Defense & Security News და Army Guide.
განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია უხმაურო ნაღმმტყორცნმა GNM-60, მოდიფიცირებულმა ჯავშანტრანსპორტიორმა დიდგორმა და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი მედევაკმა.

 

1 2 3 4 5 17