დელტა
საქართველოში ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4 (5.56) წარმოება იწყება

საქართველოში ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4 (5.56) წარმოება იწყება, - ქართულ-ებრაულ საწარმოში - „დელტა სიეიეი“, რომელიც „დელტას“ ბაზაზე გაიხსნა, ნატოს სტანდარტის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების პროცესს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად გაეცნო.

მთავრობის მეთაურმა საწარმოს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ავტომატის ყველა ნაწილი, მათ შორის პლასტმასის დეტალები, ადგილზე იქნება წარმოებული.

„ეს არის კიდევ ერთი შესრულებული საქმე, ჩვენი დაპირება, რომელიც მე დაახლოებით ერთი წლის წინ გავაჟღერე. ამ საკითხზე ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა და თქვენ ხედავთ ავტომატური შაშხანების ერთობლივ საწარმოს. აქ ჩვენ ჩამოვიტანეთ უმაღლესი დონის, ამერიკული ჩარხი-დანადგარები, ეს არის უმაღლესი დონის უახლესი ტექნოლოგია და ავტომატის წარმოების ყველა დეტალი აქ მზადდება. ჩვენ დღეს უკვე ოფიციალურად გავხსენით საწარმო და დავიწყებთ M4-ის ტიპის მსგავსი GI-4-ების წარმოებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვულოცავ „დელტას“ და მთლიანად თავდაცვის სამინისტროს ამ ძალიან მნიშვნელოვან საწარმოს. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ ავტომატის ყველა დეტალი, მათ შორის პლასტმასის დეტალები, ყველაფერი ადგილზე იქნება წარმოებული. ჩვენ დავატრენინგეთ ჩვენი პერსონალი, ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობენ, ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას ვულოცავ ამ მეტად მნიშვნელოვანი საწარმოს გახსნას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საწარმოში დამზადებული ნატოს სტანდარტების შესაბამისი შაშხანები GI-4 (5.56) საქართველოს თავდაცვის ძალებს გადაეცემა, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო ქვედანაყოფების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის პროცესს. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის GI-4 (5.56) ადგილობრივი წარმოების პროექტის განხორციელების პროცესი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო.

ახალი ქართულ-ებრაული საწარმო აღჭურვილია წამყვან ქვეყნებში წარმოებული უახლესი ჩარხ-დანადგარებით და GI-4 (5.56) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სრული ტექნოლოგიური პროცესი ადგილზე წარიმართება. საწარმოს ფუნქციური დატვირთვა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისა და აქსესუარების წარმოების შესაძლებლობას შექმნის. საწარმოში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის იარაღის მოდერნიზებაზე მუშაობაც. ასევე, სამომავლოდ დაგეგმილია პროდუქციის საექსპორტო წარმოება. საწარმო დაკომპლექტებულია უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებული კურსდამთავრებულებით, რომლებმაც შესაბამისი გადამზადება უკვე გაიარეს.

+
„დელტა”-ში უტილიზაციის ახალი დანადგარი შეიქმნა

 

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ში უტილიზაციის ახალი დანადგარი შეიქმნა. აპარატის ძირითადი დანიშნულება, საარტილერიო გასროლების დაშლა და მათი გამოუყენებელ მდგომარეობაში გადაყვანაა.

უტილიზაციის დანადგარი ცენტრ „დელტას“ საკონსტრუქტორო დიზაინის, კვლევების და განვითარების დეპარტამენტის ნაკეთობების და საბრძოლო მასალების ჯგუფის ინჟინერ-კონსტრუქტორის დემეტრე საღირაშვილის მიერ დაპროექტდა, წარმოების დეპარტამენტში შეიქმნა და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების მხრიდან რამდენჯერმე გამოიცადა. დანადგარი ამჟამად ერთ-ერთ ბაზაზეა ლოკალიზებული და წარმატებით ფუნქციონირებს.

საწარმოს წარმადობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, „დელტას“ გუნდი კვლავ აქტიურ რეჟიმში აგრძელებს სხვადასხვა პროექტზე მუშაობას.

იტალიის რესპუბლიკის ატაშე „დელტა”-ში

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას" გენერალურმა დირექტორმა იოსებ ლოლაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა იტალიის რესპუბლიკის ატაშესთან, პოლკოვნიკ ეტორე გაგლიარდისთან. შეხვედრას ასევე დაესწრო თავდაცვის ატაშეს მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ჯუზეპე პასკუალე. ცენტრის გენერალურმა დირექტორმა იოსებ ლოლაძემ სტუმრებს ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ,,დელტას" საერთაშორისო პარტნიორობის პერსპექტივები და სხვადასხვა ქვეყნისთვის დამზადებული სამხედრო პროდუქციის შესაძლებლობები.

“თბილავიამშენსა” და “დელტას” პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის” გენერალურმა დირექტორმა და სსსტც "დელტას" გენერალურმა დირექტორმა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს და კომიტეტის წევრებს უმასპინძლეს.

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საინფორმაციო ბრიფინგზე "დელტასა" და "თბილავიამშენის" საქმიანობის სპეციფიკა, განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს. მხარეებმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საწარმოების შესაძლებლობებისა და საერთაშორისო პერსპექტივების შესახებ.

დეპუტატებმა სს „თბილავიამშენის” და სსსტც "დელტას" ტერიტორიაზე არსებული საწარმოები და შექმნილი პროდუქცია დაათვალიერეს. ასევე, სტუმრები ადგილზე გაეცნენ ქართულ-ებრაული საწარმოს "დელტა სიეიეი" - ში ნატოს სტანდარტის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების პროცესს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ვიზიტი „დელტაში“

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ-ცენტრ „დელტას“ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი და მისიის მეკავშირე ოფიცერი იაცეკ სტოხელი ეწვივნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ევროკავშირის წარმომადგენლებს  „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა იოსებ ლოლაძემ უმასპინძლა და ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ მოკლე ანგარიში გააცნო. ვიზიტზე მხარეებმა „დელტაში“ წარმოებული სამხედრო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები - „დელტას“ ბრენდირებული პროდუქცია გადაეცათ.

სამხედრო ატაშეების ვიზიტი „დელტაში“
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის (NLO) წარმომადგენელი და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები ეწვივნენ. ათი ქვეყნის ატაშესა და NLO-ს წარმომადგენელს უმასპინძლა „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ჯაველიძემ, რომელმაც უცხოელ სტუმრებს ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე განიხილეს „დელტას“ საერთაშორისო პარტნიორობის პერსპექტივები და სხვადასხვა ქვეყნისთვის დამზადებული სამხედრო პროდუქციის შესაძლებლობები. ვიზიტის ფარგლებში, უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეებმა ცენტრის ტერიტორია და საწარმოები დაათვალიერეს, სტუმრები ადგილზე გაეცნენ „დელტას“ მიერ წარმოებული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დამზადების პროცესსა და ტექნოლოგიას.
1 2 3 18