დელტა
ბლოგი
სროლა უხმოდ
გამოქვეყნების თარიღი:
26/12/2018

არსებობის განმავლობაში ცეცხლსასროლმა იარაღმა ევოლუციის დიდი გზა გაიარა. ხელით დასატენი მუშკეტებიდან უზუსტეს სნაიპერულ შაშხანებამდე. ხშირ შემთხვევაში ახალი ტიპის და დანიშნულების იარაღის შექმნას საბრძოლო მოქმედებები და მათი წარმოების სპეციფიკა განაპირობებს.
იარაღიდან გასროლას თითქმის ყოველთვის ორი ფაქტორი სდევს თან – სროლის ხმა და ლულიდან გამოსული ცეცხლის ალი. მსოფლიოს არმიებში ცეცხლსასროლი იარაღის ფართო გავრცელების პირველ ეტაპზე, ამ ფაქტორებს ყურადღებას არავინ აქცევდა. პირიქით – მიჩნეული იყო რომ ორივე მათგანი მოწინააღმდეგეზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას მოახდენს და მის დემორალიზაციას შეუწყობს ხელს.
ხმაურის და ცეცხლის ალის `მოშორების~ საჭიროება შედარებით გვიან წარმოიშვა. მტრის ზურგში მოქმედებისას და დივერსიული ოპერაციების ჩატარებსას, ზედმეტი ხმაური – მათ შორის გასროლის ხმა არავის ჭირდებოდა. დღის წესრიგში უხმო იარაღის შექმნის აუცილებლობა დადგა.

1-1 mayuchebi
ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლისას ხმის წარმოქმნას რამდენიმე გარემოება განაპირობებს. დენთის წვისას, დროის მნირე მონაკვეთში დიდი მოცულობის ენერგიის გამონთავისუფლება ხდება. დენთის გაფართოებული აირები ტყვიას აწვებიან და ლულიდან გამოტყორცნიან მას. ამ დროს მისი სიჩქარე ბგერისას აღემატება და ჰაერის მასაში ზებგერითი სიჩქარით შეჭრილი ტყვია დარტყმით ტალღებს წარმოქმნის. დაახლოებით იგივე ხდება როდესაც სამხედრო თვითმფრინავი ზებგერით სიჩქარეს აჭარბებს.
ტყვიის შემდეგ, ლულიდან გამოსული დამწვარი დენთის აირები ე.წ. სალულე ტალღას ქმნიან. გასროლისას ხმის წარმოქმნას სწორედ ეს ორი _ სალულე და დარტყმითი ტალღები განაპირობებენ. მათ ემატება თავად იარაღის მექანილურ ნაწილების და მექანიზმების მოძრაობით წარმოქმნილი ხმა. ღია ლანდშაფტის პირობებში, მისი გაგონება 40-50 მ-ის რადიუსში შეიძლება.
ამ სამივე ფაქტირუს მოქმედების ერთობლიობას, ადამიანის ყური სროლის ხმათ აღითქვამს.

P1310407
სხვადასხვა ტიპის მაყუჩების შიდა კონსტრუქცია.
სროლის ხმის ჩამხშობი მოწყობილობები 19-ე საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ. პირველი პატენტი მაყუჩზე 1894 წლის 20 მარტს შვეიცარიელმა ინჟინერმა ეპლიმ მიიღო. მოგვიანებით, 1899 წელს კიდევ ერთი პატენტი დანიელ მეიარაღეებზე – ბერენესსა და სიგბიერსენზე გაიცა. დოკუმენტი მიღების მიუხედავად, ვერ ერთმა მათგანმა მოქმედი ეგზემპლიარის შექმნა ვერ შესძლო.
პირველი მოქმედი მაყუჩი ტყვიამფრქვევის გამომგონებელმა, ჰაირემ სტივენს მაქსიმმა შექმნა. საკუთარ მაყუჩებს მაქსიმი დიდი წარმატებით ჰყიდიდა, მათ შორის მეფის რუსეთშიც. განსაკუთრებული პოპულარობით მაყუჩები მონადირეებში სარგებლობდნენ. აცილების შემთხვევაში, სროლის ხმა მიზანში ამოღებულ ნადირს და ფრინველს არ აფრთხობდა.
სამხედროები მაყუჩებით აქტიურად 1920-იანი წლების ბოლოს დაინტერესდნენ. პირველმა მსოფლიო ომმა, უხმო სროლის მოწყობილობების საჭიროება ცალსახად აჩვენა. მაყუჩებს განსაკუთრებით მზვერავები და დივერსანტები საჭიროებდნენ.
პირველი მაყუჩები წითელ არმიაში 1930-იანი წლების ბოლოს გამოჩნდნენ. БраМит-ის სახელით ცნობილი მოწყობილობა, მოსინის შაშხანებისთვის იყო გამიზნული.
БраМит  7.62X54 კალიბრის სპეციალურ ვაზნებს საჭიროებდა, რომლებშიც დენთის წონა სტანდარტული 3.6 გრამიდან 0.8 გრამამდე იყო შემცირებული. შედეგად, ლულიდან გამოსვლისას ტყვია უკვე ბგერამდელი სიჩქარით მოძრაობდა და ზებგერითისგან განსხვავებით დარტყმით ტალღებს აღარ ქმნიდა.
სროლის ხმაურის წარმომქმნელ მეორე ფაქტორის _ სალულე ტალღის ჩახშობა უშუალოდ მაყუჩით ხდებოდა. მაყუჩების თანამედროვე მოდელების მსგავსად, ცილინდრული ფორმის БраМит-ი გაფართოებულ გაზებს სპეციალური კამერებით ახშობდა.

2nagan mayuchit
ნაგანის სისტემის რევოლვერი БраМит ის ტიპის მაყუჩით

შიგნითა მხრიდან ღრუ მაყუჩი, ერთმანეთისგან გატიხრული კამერებისგან შედგება. ტყვიის შემდეგ, მაყუჩში გამავალი დენთის გაფართოებული აირები ამ კამერებში მუხრუჭდებიან. შედეგად მცირდება სალულე ტალღის სიდიდე.
მაყუჩის და ბგერამდელი ტყვიების გამოყენება, გასროლის ხმის შემცირების მხოლოდ ერთ-ერთი მეთოდია. 1940-იან წლებში კონსტრუქტორმა გურევიჩმა მეტად ორიგინალური _ დახშული ტიპის უხმაურო რევოლვერი წარმოადგინა. განსაკუთრებულ ინტერესს მისი ვაზნების (კალიბრი 6.5 მმ) კონსტრუქცია იწვევდა.
მასრაში მუხტის წინ დენთის სატენი (პიჟი) იყო მოთავსებული. მასრის წინა მხარეს – სპეციალურ მილიცაში ტყვია იყო ჩასმული. სატენს და მილისას შორის არსებული სივრცე წყლით იყო შევსებული. გასროლისას, გაფართოებული დენთის აირები სატენს აწვებოდნენ, რომელიც თავისმხრივ წყალს აწვებოდა.
გასროლის შემდეგ, სატენი მასრის წინა მხარეს მოთავსებულ მილისას ებჯინებოდა. რაც გაფართოებული აირების გარეთ გამოსვლას უშლიდა ხელს. შედეგად რევოლვერი პრაქტიკულად უხმოდ ისროლდა.
1940-იანი წლების მეორე ნახევარში გურევიჩის რევოლვერის საცდელი პარტია დამზადდა. ეფექტურობის და იდეის ინოვაციურობის მიუხედავად, მეტისმეტად რთული კონსტრუქციის ვაზნების გამო პისტოლეტზე უარი ითქვა.
გერმანელებთან ბრძოლაში გარდატეხის შეტანისთვის, 1940 წელს ბრიტანელები დივერსიული ოპერაციების ჩატარებაზე გადაერთნენ. სპეციალური საბრძოლო დავალებების შესრულება შესაბამის აღჭურვილობას და შეიარაღებას საჭიროებდა. განსაკუთრებული ყურადღება უხმო იარაღს დაეთმო.
პირველი მოდელი სახელად Welrod-ი 9 მმ-ის კალიბრის ვაზნებს მოიხმარდა. ვიზუალურად იარაღი ცილინდრული ფორმის სხეულს წარმოადგენდა. მას პისტოლეტებისთვის და რევოლვერებისთვის დამახასიათებელი არც ჩახმახი და არც სახელური ჰქონდა. ყოველი გასროლის შემდეგ, ინტეგრირებულ მაყუჩიანი Welrod-ი ხელით გადატენას საჭიროებდა. მიჩნეული იყო, რომ მტრის ზურგში მოქმედ დივერსანტს იარაღი მკლავზე ტანსაცმლის ქვეშ, სპეციალურ ზონარზე ექნებოდა ჩამოკიდებული.

3Welrod
ინტეგრირებულ მაყუჩიანი ბრიტანული პისტოლეტი Welrod 
არაპრაქტიკულობის გამო SAS-ის მებრძოლებმა SAS-ი დაიწუნეს და მისი გაუმჯობესება მოითხოვეს. მალევე გაჩნდა ახალი მოდელი Welrod Mk.I , რომელსაც პისტოლეტის სახელური და 6 (შემდგომში 8) ვაზნაზე გათვილი მჭიდი ჰქონდა. ომის დროს ბრიტანულმა ქარხნებმა 10 ათასზე მეტი ასეთი უხმაურო პისტოლეტი დაამზადეს. ბრიტანელ კომანდოსებთან ერთად ავსტრალიის სადაზვერვო სამსახური და ამერიკული სტრატეგიული სამსახურების სამმართველო (OSS) იყენებდა. პისტოლეტით მოხიბლულმა ამერიკელებმა, 1945 წელს მისი სერიული წარმოებაც კი დაიწყეს (11.43 მმ-ის კალიბრის ვაზნებით). ამ პისტოლეტს ამერიკელი ჯარისკაცები კორეის ომში და შემდგომ წლებში ინდო-ჩინეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტებში აქტიურად იყენებდნენ.
მეორე მსოფლიო ომის ბრიტანელებს კიდევ ერთი, მეტად ორიგინალური კონსტრუქციის მაყუჩიანი იარაღი ქონდათ. De Lisle-ის ტიპის კარაბინის ავტორი თვითნასწავლი ბრიტანელი ინჟინერი ვილიამ დე ლიზი იყო. მისი კონსტრუქციის მაყუჩებით დაინტრესებულმა სამხედროებმა, ხელმარჯვე ოსტატს უხმო კარაბინი დაუკვეთეს. 9×19 ვაზნების ნაცვლად დე ლიზმა ხელმძღვანელობას .45ACP კალიბრი შესთავაზა. პარაბელუმის ვაზნებთან შედარებით, ეს უკანასკნელი ბგერმდელი სიჩქარით და უფრო დიდი შემაკავებელი ძალით გამოირჩეოდა.

4De Lisle
ბრიტანული De Lisle-ი მსოფლიოში პირველი მჭიდიანი და ინტეგრირებულ მაყუჩიანი კარაბინი იყო

De Lisle-ის ტიპის კარაბინებმა გამოცდა წარმატებით გაიარეს. ინტეგრირებულ მაყუჩიანი იარაღის სროლის მანძილი ეფექტურო 190 მ-ს აღწევდა. იარაღს 7 ან 10 ვაზნაზე გათვლილი მჭიდი ქონდა.
გამოცდების შედეგებით აღფრთოვანებულმა სამხედროებმა 1944 წელს 500 კარაბინი დაუკვეთეს. მათგან საპარაშუტო-სადესანტო ნაწილებში გამოყენებისთვის 50 ერტეულს დასაკეცი კონდახი უნდა ჰქონოდა. მაგრამ დასრულებულმა ომმა გეგმებში საკუთარი კორექტივებები შეიტანა. 1945 წლის მაისისთვის მხოლოდ 130-მდე კარებინის დამზადება მოესწრო. ომის დასრულებასთან ერთად De Lisle-ების შემდგომ წარმოებაზე უარი ითქვა. წარმოებაში რთული იარაღის ნაცვლად, ბრიტანელებმა მაყუჩების ქვეითების საშტატო იარაღზე მორგება, უფრო პერსპექიულ და ნაკლებად ხარჯიან საქმედ მიიჩნიეს.
მაყუჩებმა და მათ ფართო გავრცელებამ ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებაში და საბრძოლო მოქმედებების წარმოების სპეციფიკაში ბევრი ცვლილება შეიტანეს. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, უხმაურო სროლის მოწყობილობებზე არაერთმა საიარაღო ფირმამ დაიწყო მუშაობა. თანდათანობით ხმის ჩახშობასთან ერთად მაყუჩებმა ალმქრობის ფუნქციებიც შეითავსეს.
საკუთარი მინუცები მაყუჩებსაც აქვთ. შედარებით სუსტი ვაზნების გამოყენების საჭიროებასთან ერთად, პისტოლეტების შემთხვევაში მაყუჩები იარაღის გაბარიტებს ზრდიან. ეს თავისმხრივ მის ფარულ ტრანსპორტირებას ართულებს.
1960-იანი წლების დასაწყისში სსრკ-ში უხმაურო სროლის დახშულ პრინციპს დაუბრუნდნენ. 1965 წელს `კა-გე-ბემ~ შეიარაღებაში ახალი პისტოლეტი C4 მიიღო. ორ ვაზნაზე გათვლილი კომპაქტური იარაღი მაყუჩს არ საჭიროებდა. გადატენვის მექანიზმის არ არსებობა, იარაღის მექანიკური ნაწილების მოძრაობით გამმოწვეულ ხმას, თავისთავად გამორიცხავდა.

5C4pistol
საბჭოური უხმო პისტოლეტი C4  7,62X63 მმ-ის კალიბრის სპეც-ვაზნებით

უხმო სროლის საიდუმლო სპეციალურ 7,62X63 მმ-ის კალიბრის ვაზნებში იმალებოდა. გურევიჩის ვაზნებისგან განსხვავებით, ტყვიას წინ წყლის ნაცვლად სპეციალური დგუში უბიძგებდა.
ეფექტურობის მიუხედავად უხმო იარაღმა, რომელშიც დენთის აირების ჩახშობა მასრაშივე ხდება დიდი გავრცელება ვერ ჰპოვა. მთავარი მიზეზი რთული კონსტრუქციის ვაზნები იყო.
დღეს მაყუჩებს პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის ცეცხლსასროლ იარაღზე, მათ შორის ტყვიამფრქვევებზე იყენებენ.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.