დელტა
საზღვაო ქვეითების პერსპექტიული ამფიბიები

საზღვაო-სადესანტო ოპერაციებისას, ზღვაში მყოფი ხომალდებიდან ხმელეთზე პირადი შემადგენლობის გადასროლაში, ტექნიკა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. დროის მცირე მონაკვეთში, მანქანის ფუნქციონალური დატვირთვა რამდენჯერმე იცვლება. წყალში სწრაფ გადაადგილებასთან ერთად ამფიბიას ხმელეთზე ამოსვლა, სხვადასხვა ტიპის გრუნტზე კარგი გამავლობა და გადმოსხმული საზღვაო დესანტის საცეცხლე მხარდაჭერა ევალება.
ტრადიციულ (სახმელეთო) მახასიათებლებთან ერთად, საზღვაო ფაქტორის გათვალისწინება ამფიბიაში განსხვავებული და ზოგჯერ ურთიერთსაპირისპირო მოთხოვნების რეალიზებას მოითხოვს.
დანიშნულების მიხედვით მცურავი სამხედრო მანქანები ორ ძირითად ტიპად იყოფიან. პირველში – ოკეანეებსა და ღია ზღვებში მოქმედების შესაძლებლობა პროექტირებისთანავე იდება.
მეორე ტიპი ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და ჯავშანტრანსპორტიორებს აერთიანებს. ამ ტექნიკას წყლის მცირე დაბრკოლებების (მდინარეები, ტბები) გადალახვა შეუძლია. მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობები საზღვაო-სადესანტო ოპერაციებში გამოყენებას და ღია ზღვიდან მოქმედებას გამორიცხავენ.
ბოლო წლებში სამხედრო მანქანების ამფიბიურობისადმი ინტერესი შემცირდა. დაცვის დრონის და შეირაღების კალიბრის ზრდით გამოწველმა წონის მატებამ, ტექნიკას ცურვის უნარი დააკარგვინა.
ამერიკელები პირველები იყვნენ ვინც საზღვაო-სადესანტო ოპერაციების მექანიზირებისთვის მუხლუხა შასიანი ამფიბიები შექმნეს. ექსპლუატაციაში 1941 წელს მიღებულ მცურავ ტრანსპორტს LVT (ამერიკელი სამხედროები მას `მცურავ ტრაქტორს~ ეძახდნენ) 18-მდე მედესანტე გადაყავდა. ეკიპაჟი 6 კაცისგან შესდგებოდა.
დიდი სადესანტო ხომალდებიდან წყალში ჩაშვების შემდეგ, LVT-ები მათში მსხდომი პირადი შემადგენლობით ნაპირიდან მოძრაობას დამოუკიდებლად აგრძელებდნენ.
პირველი შეუჯავშნავი მოდელების შეიარაღება ორი 7,62 და ამდენივე 12,7 მმ-ის კალიბრის ტყვიამფრქვევისგან შედგებოდა. უკანა აპარელი ორხიდიანი ავტომობილების, მცირე კალიბრის ქვემეხების და ტვირთვის ტრასნპორტირებას უზრუნველყოფდა.

photo_us_lvt-2_1
ექსპლუატაციის პროცესში `მცურავი ტრაქტორის~ ბაზაზე შეჯავშნული მოდელი, მცურავი ტანკი 37 მმ-იანი ქვემეხით (ფოტოზე) და 75 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი შეიქმნა.

ომის ბოლომდე ამერიკელებმა 15 ათასზე მეტი LVT დაამზადეს. `მცურავ ტრაქტორებს~ ამერიკული ფლოტი და საზღვაო ქვეითები წყნარ ოკეანეში იყენებდნენ. მცირე მასშტაბით ისინი იტალიურ კამპანიაშიც მონაწილეობდნენ.
1953 წელს მოძველებული `მცურავი ტრაქტორების~ შეცვლისთვის აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსმა შეიარაღებაში LVTP-5-ის ტიპის ახალი ამფიბია მიიღო.
უჩვეულო იერის მიუხედავად, LVTP-5-ი კარგი ზღვაოსნობის უნარით და ნაპირზე მაღალი გამავლობით გამოირჩეოდა. შეჯავშნული კონსტრუქცია სადესანტო საშუალებაში მსხდომებს ტყვიებისა და ნამსხვრევებისგან იცავდა. სამკაციანი ეკიპაჟისას, LVT-5-ი სრულად ეკიპირებულ 34 მედესანტეს იტევდა. ჩასხდომა-გადმოსვლა ცხვირა ნაწილში არსებული აპარალიდან ხდებოდა. ცურვის სიჩქარე 11 კმ/სთ იყო.
საბაზო კონფიგურაციაში მცურავი ტრანსპორტი მხოლოდ ერთი 7,62 მმ-იანი ტყვიამფრქვევით იყო შეიარაღებული. ეს ნაპირზე მედესანტეების საცეცხლე მხარდაჭერისთვის აშკარად არასაკმარისი იყო.
ექპლუატაციის პროცესში 105 მმ-იანი ჰაუბიცით აღჭურვილი მცურავი ტანკის მოდიფიკაცია შეიქმნა. ახალ LVTH-6-ს, რომელის ეკიპაჟიც 7 კაცამდე გაიზარდა, სროლა ცურვის დროსაც შეეძლო. ამერიკელი საზღვაო ქვეითები ამ მანქანას აქტიურად ვიეტნამის ომში იყენებდნენ. გრუნტზე მცირე დაწოლის წყალობით, ჭაობების და დიდი ოდენობით წყლის წინაღობების გამო, ადგილობრივ რელიეფზე მსუბუქი მცურავი ტანკი იდეალური საშუალება იყო. 105 მმ-იანი ქვემეხი (ჭურვის დაბალი სიჩქარის მიუხედავად) საკმარის საცეცხლე ძალას იძლეოდა.
1972 წელს აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსმა შეიარაღებაში ახალი LVTH-7-იმიიღო. განახლებული კონცეფციით შექმნილი ამფიბია, წინამორბედი მოდელებისგან საბრძოლო შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. LVTP-5-სგან განსხვავებით, დესანტის ჩასხდომა-გადასხმა გაცილებით უსაფრთხო - უკანა ნაწილში მდებარე აპარელიდან ხდებოდა. ალუმინის ჯავშანი 3 კაციან ეკიპაჟს და 21 კაციან საზღვაო დესანტს ტყვიებისა და ნამსხვრევებისგან იცავდა.

f0205060_50bc42e26664c

ხანდაზმული ასაკის მიუხედავად LVTP-5 დღესაც რჩება შეიარაღებაში. ფოტოზე ამფიბიის საინჟინრო მოდიფიკაცია

1982 წელს განხორციელებული მოდერნიზაციის პირველი ეტაპისას, ამფიბიამ ახალი ნიშნული AAV-P7 მიიღო. გაძლიერდა შეიარაღება. 12,7 მმ-იან ტყვიამფრქვევს 40 მმ-იანი ავტომატური ყუმბარსატყორცნი შეემატა. წარმოების ღიებულების შემცირების და ექსპლუატაციის გამარტივებისთვის ძრავა-ტრანსმისიის და შასის ბევრი ელემენტი ქსმ `ბრედლისთან~ იყო უნიფიცირებული.
საბრძოლო მოქმედებებში AAV-P7-ები პირველად არგენტინელებმა 1982 წელს ფოლკლენდის ომში გამოიყენეს. ამერიკელი საზღვაო ქვეითების ამფიბიები აქტიურად 1991 წელს სპარსეთის ყურეში და 2003 წელს ერაყის ომში მოქმედებდნენ.
1980-იანი წლების დასაწყისში, ამერიკელმა საზღვაო-სადესანტო ოპერაციების კონცეფცია შეცვალეს. ნაღმების და სანაპირო დაცვის საშუალებებისგან სადესანტო ხომალდების დაცვისთვის, აქცენტი კონვერტოპლანებზე, აირბალიშიან ხომალდებზე და პერსპექტიულ ამფიბიებზე გაკეთდა. საშუალებებზე, რომლებიც მატარებელი ხომალდიდან ხმელეთზე მოხვედრას გაცილებით უსაფრთხო მანძილიდან შესძლებდნენ.

050628-9866B-012 Pacific Missile Range Facility, Kauaíi, Hawaii ñ June 28, 2005 ñ Marines assigned to the 3rd Amphibious Assault Battalion based at Camp Pendelton, Calif., drive their amphibious assault vehicles (AAVs) down the beaches of Majorís Bay during amphibious training. The battalion is embarked aboard the amphibious assault ship USS Peleliu (LHA 5). Photo by Journalist 2nd Class Zack Baddorf.

შეიარაღებაში ახალი ამფიბიის მიღებამდე, AAV-P7 აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის ძირითად საბრძოლო ტექნიკად დარჩება.

ახალი ამფიბიის AAAV (advanced Amphibious Assault Vehicle – გაუმჯობესებული სადესანტო-საიერიშო მანქანა) პირველი პროტოტიპი 1980-იანი წლების პირველ ნახევარში დამზადდა. ნოვატორული ტექნიკური გადაწყვეტილებებით შექმნილი და თანამედროვე ტექნოლოგიებით გაჯერებული ამფიბია, იმ დროის ყველაზე ინოვაციურ სამხედრო მანქანად ითვლებოდა. სპეციალისტებმა ყურადღება მობილურობასა და საცეცხლე შესაძლებლობაზე გაამახვილეს.
კორპუსის ორიგინალური კონსტრუქციის და მძლავრი წყალმტყორცნების წყალობით, AAAV წყალში 46 კმ/სთ-ს ანვითარებდა. მაღალი სიჩქარე გლისირების ეფექტმა განაპირობა. ცხვირსა და ბორტებზე დამაგრებული გასაშლელი პანელები ამფიბიის ჰიდროდინამიკურ თვისებებს აუმჯობესებდნენ.
შეიარაღების სახით ამფიბიას  ბუშმასტერის 30 მმ-იანი ქვემეხი და შეწყვილებული 7,62 მმ-იანი ტყვიამფრქვევი ჰქონდა. მიზნის ეფექტურ აღმოჩენა-განადგურებაში მემიზნეს დღისა და ღამის სამიზნეები, ინფრაწითელი სისტემა და ლაზერული მანძილმზომი ეხმარებოდა. 3 კაციანი ეკიპაჟისას AAAV-ს 17 მედესანტე გადაყავდა.
საწყისი გეგმა 1013 ინოვაციური ამფიბიის შეძენას ითვალისწინებდა. 2007 წელს შესაკვეთი EFV-ების (Expeditionary Fighting Vehicle)  ნიშნული 2003 წელს შეიცვალა) რიცხვი 573-მდე შემცირდა.
სამხედროები გაჭიანურებული გამოცდებით და მანქანის მზარდი ღირებულებით უკმაყოფილონი იყვნენ. გარკვეულ წილად ფასზე უარყოფითი ზეგავლენა სწორედ იმ თანამედროვე ტექნოლოგიებმა იქონიეს, რომელთა მეშვეობით მწარმოებლებმა მაღალ ტექნიკურ პამატერებს მიაღწიეს. კიდევ ერთ მინუსად გართულებული და ძვირადღირებულ ექსპლუატაცია ჩაითვალა. 2011 წელს პემნტაგონმა EFV-ის პროექტი, მასზე 15 მლრდ-ის დახარჯვის შემდეგ, დახურა.

5 AAAVEFV
კორპუსის ორიგინალური კონსტრუქციის წყალობით, AAAV წყალში 46 კმ/სთ-ს ანვითარებდა.

გლისირებადი ამფიბიის მიმართ ინტერესის დაკარგვის შემდეგ, საზღვაო ქვეითთა კორპუსის გადაიარაღებისთვის პენტაგონმა ორი ახალი პროექტი წამოიწყო პირველი MPC -ჯავშანტრანსპორტიორის, მეორე ACV კი - საბრძოლო მანქანის შექმნას გულისხმობდა. განვითარება მხოლოდ პირველმა ჰპოვა. ხანგრძლივი განხილვის და კონცეფციის ჩამოყალიბების შემდეგ, 2014 წელს მან ახალი ნიშნული ACV 1.1 მიიღო.
მოთხოვნებით რვათვლიანი ამფიბიის სადესანტო შესაძლებლობები 10-15 კაცით განისაზღვრა. საზღვაო თვისებებსა და ხმელეთზე მაღალ გამავლობასთან ერთად, აქცენტი ბალისტიკურ და ნაღმებისგან დაცვაზე გაკეთდა.
გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ოთხმა პროექტმა მიიღო. General Dynamics-მა ჯავშანტრანსპორტიორ LAV-ის მოდერნიზირებული ვარიანტი წარმოადგინა. 30 მმ-იანი ქვემეხით შეიარაღებულ ამფიბიას 10 მედესანტე გადაყავდა. V-სებრი ფსკერი ნაღმებსგან დაცვას უზრუნველყოფდა.
Lockheed Martin-მა ძალისხმევა ფინურ PATRIA-სთან გააერთიანა. პროექტი თანამედროვე ამერიკული ტექნოლოგიების და ციფრული სისტემების გამოყენებით, ფინური ჯავშანტრანსპორტიორის მოდერნიზაციას და მისი ACV 1.1-ის მოთხოვნებზე მორგებას ითვალისწინებდა. უთანხმოების გამო 2015 წელს მხარეებმა თანამშრომლობა შეწყვიტეს და პროექტიც გაჩერდა.

აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის ხელმძღვანელობის განსაკუთრებული ინტერესი სინგაპურულმა Terrex II-მა დაიმსახურა. ST Kinetics-მა ის სინგაპურის შეიარაღებაში არსებული ჯავშანტრანსპორტიორის ბაზაზე შექმნა. ამფიბია წყალში 11 კმ/სთ-ს ანვითარებს. მძლავრი ძრავა და თვლების დაკიდების თანამედროვე სისტემა მანქანის კარგ მანევრულობას და გამავლობას უზრუნველყოფს. 2 კაციანი ეკიპაჟისას, დესანტი 12 საზღვაო ქვეითს ითვლის.
კონკურსის მეოთხე მონაწილე BAE Systems-ის და იტალიური Iveco-ს ერთობლივი პროექტია. SuperAV-ში დესანტისა (13 კაცი) და ეკიპაჟის (3 კაცი) სურსათ-სანოვაგის სამი დღის მარაგი ინახება. მწამოებლების თქმით ეს გარემოება სადესანტო ოპერაციებისას ამფიბიის ავტონომიურობას გაზრდის. განსაკუთრებულ ყურადღებას შუპერAV-ის სადესანტო შესაძლებლობები იმსახურებენ. ამფიბიას ზღვაში გადასვლა ნაპირიდან 18,5 კმ-ით დაშორებული სადესანტო ხომალდიდან შეუძლია.

6superav
BAE Systems-ის და იტაალიური Iveco-ს ერთობლივი პროექტი SuperAV
2015 წლის 24 იანვარს გამოქვეყნებული ცნობით,  ACV 1.1-ის ფინალში ერთდროულად ორი ამფიბია -  Terrex II-ი და  SuperAV-ი გავიდა. თავდაცვის უწყებისგან მწარმოებლებმა, 13-13 პროტოტიპის აგებისთვის 110-110 მლნ დოლარი მიიღეს. გამოცდების 2017 წელს დაიწყება. ერთი წლის შემდეგ ფინალისტის დასახელება და მასთან 204 ამფიბიის დაზადებაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება.

+
პირველი ტანკები ბრძოლის ველზე – სომის ბრძოლა
    პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან, მოკლე ხანში ბრძოლები ,,პოზიციურ ჩიხში“ შევიდა. ომის საწყის ეტაპზე, დაპირისპირებული მხარეები ცდილობდნენ ერთმანეთისათვის ფლანგიდან შემოევლოთ და ზურგში გასულიყვნენ , ამის გამო ფრონტის ხაზი უსაშველოდ გაიწელა და საბოლოოდ ატლანტიკის ოკეანესთან დასრულდა. ვერცერთმა მხარემ ვერ შეძლო მოწინააღმდეგისათვის შემოვლა. საბრძოლო მოქმედებათ ფრონტები დაისერა: მავთულხლართებით, სანგრებით, საცეცხლე წერტებით თუ უფრო ძლიერი სასიმაგრო სისტემებით. შემტევი მხარის იერიში, მოწინააღმდეგის სანგრებიდან წამოსული ძლიერი ცეცხლის გამო საწყის ეტაპზევე იფუშებოდა.
mark1tankbritishპირველი ბრიტანული ტანკი Mk I
სამხედრო სტრატეგებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე თუ როგორ დაეძლიათ ეს პრობლემა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევა ფრონტის ვიწრო მონაკვეთზე საარტილერიო სისტემების მაქსიმალური რაოდენობის გამოყენებით შეიძლებოდა, თუმცა ამ მოსაზრების მცდარობა ვერდენისა და სომას სტრატეგიულმა ოპერაციებმა ნათლად დაადასტურა. იყო მცდელობა მომწამლავი აირების გამოყენებით მიეღწიათ შედეგისათვის, მაგრამ არც ამ ხერხმა გაამართლა. ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში 1915 წლის 7 ივლისს პირველად შეიკრიბა ანტანტის წევრი ქვეყნების სამხედრო კონფერენცია. მოკავშირე სახელმწიფოთა სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, უნდა დაეგეგმა შემდგომი სამხედრო ოპერაციები და კოორდინირებულად ემოქმედათ. ამავე წლის დეკემბერში მათ მიიღეს გადაწყვეტილება, მომავალ 1916 წლისთვის საკუთარ ფრონტებზე სტრატეგიული ოპერაციების ჩაეტარებინათ და გერმანელები და მისი მოკავშირეები ყველა მხრიდან შეევიწროებინათ. ფრანგებსა და ბრიტანელების საექსპედიციო კორპუსს შეტევა უნდა განეხორციელებინათ საფრანგეთის ტერიტორიაზე მდინარე სომას ორივე სანაპიროზე და გაერღვიათ მათ წინ მდგომი გერმანული მეორე არმიის თავდაცვის ზონა, შემდეგ განევითარებინათ შეტევა კამბრესა და ვალანსიენისაკენ და მიეყენებინათ დარტყმა ფლანგსა და ზურგში გერმანული არმიათა ჯგუფისათვის.
თავდაპირველი გეგმის მიხედვით ბრიტანულ-ფრანგულ 64 დივიზიას უნდა გაერღვია ფრონტის 70 კილომეტრიანი მონაკვეთი, თუმცა გერმანელებმა მოკავშირეებისაგან მოულოდნელად თვითონ დაიწყეს გრანდიოზული სამხედრო ოპერაცია ვერდენთან, რამაც ფრანგული ძალების დიდი ნაწილი ამ მიმართულებით ჩაითრია ბრძოლებში. ამიტომ სომას ოპერაციის დაწყებისას ბრიტანელებს და ფრანგებს რეზერვის ჩათვლით მხოლოდ 35 -მდე დივიზიის მობილიზება შეძლეს სომას ნაპირებზე და გასარღვევი ფრონტის ხაზიც 40კმ-მდე შემცირდა. ფრონტის ამ მონაკვეთზე გერმანულ არმიას რეზერვის ჩათვლით მხოლოდ 15 დივიზია ჰყავდა. მათი თავდაცვის ზონა სამი პოზიციისაგან შედგებოდა სიღრმით 8-10კმ.
mark-iv-b-776ბრიტანული ტანკი Mk IV
     ოპერაციის დაგეგმვის პროცესში მოკავშირეთა სტრატეგები ,,პოზიციური ჩიხის“ გარღვევას არტილერიის მასიური გამოყენებით აპირებდნენ, არტილერია მოსპობდა გერმანელთა თავდაცვით ზღუდეებს და შემდეგ ქვეითები იოლად შეძლებდნენ მოწინააღმდეგეების პოზიციების დაკავებას. ამიტომ მოკავშირეებმა თავი მოუყარეს 1500-ზე მეტ საარტილერიო დანადგარს. რომლის ცეცხლსაც გერმანული თავდაცვის ზღუდეები მთლიანად უნდა გამოეყვანა მწყობრიდან. მათი გეგმით მოწინააღმდეგის განადგურება მეთოდურად ყოველგვარი სისწრაფის გარეშე უნდა მომხდარიყო, უფრო დიდი ყურადღება უნდა მიქცეოდა წესრიგს ვიდრე სისწრაფეს. ოპერაციისათვის მზადება დეკემბრიდან ივნისის ბოლომდე არ შეჩერებულა, საბრძოლო მოქმედებათა რაიონში მიზიდეს დიდი რაოდენობით: ფურაჟი, საბრძოლო საშუალებები, დიდი ყურადღება ექცეოდა გზების მდგომარეობას. ოპერაციაში ჩართული იყო დიდი რაოდენობით ავიაცია. მოკავშირეები საკუთარ მოქმედებებს დიდად არ ნიღბავდნენ, როგორც მათი მოწინააღმდეგე ვერდენთან , რადგანაც გერმაანელებს რეზერვის ნაწილი გადაესროლათ სომასაკენ და შეესუსტებინათ დაწოლა ვერდენზე. ამიტომ მათ საარტილერიო ცეცხლი ქვეითების შეტევაზე გადასვლამდე 7 დღით ადრე 24 ივნისს გახსნეს და მასირებული დაბობვების შემდეგ, 1 ივლისს დილის 7:30 წუთზე შეტევაზე გადავიდნენ. მდინარის სამხრეთით შემტევმა ფრანგულმა ნაწილებმა პირველივე დღეებში დაიკავეს, გერმანელთა პირველი პოზიციები თუმცა წარმატებული სვლა ვეღარ განაგრძეს. წარუმატებელი აღმოჩნდა ბრიტანელების მეოთხე არმიის შეტევები მდინარის ჩრდილოეთით, მათ მხოლოდ პირველ დღეს მოკლულთა, დაჭრილთა, დატყვევებულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა სახით 55 000-ზე მეტი კაცი დაკარგეს. შემტევი ნაწილები ივლის-აგვისტოში მასირებული საარტილერიო დაბომბვებისა და უდიდესი მსხვერპლის მიუხედავად კუს ნაბიჯებით მიიწევდნენ წინ, ბრძოლები მიმდინარეობდა თითოეული მეტრისათვის, ,,პოზიციური ჩიხი“ ვერ იქნა დაძლეული.
მოკავშირეებმა ოპერაციის ახალი ეტაპი 3 სექტემბრიდან დაიწყეს, მათი ცოცხალი ძალა 58 დივიზიამდე გაიზარდა, 1900-მა საარტილეrიო დანაგდარმა კი მოწინააღმდეგეს ცეცხლისა და ლითონის სეტყვა დააყარა. ოპერაციის ამ ეტაპის ფარგლებში ბრიტანელებმა გამოიყენეს ახალი საბრძოლო მანქანა - ტანკი Mark I. შეჯავშნულ და მუხლუხებიან საბრძოლო მანქანაზე მუშაობა, ბრიტანელებმა ჯერ კიდევ 1915 წელს დაიწყეს. შეიქმნა ყუთის მსგავსი ორი საექსპერიმენტო მოდელი Little Willy (პატარა ვილი) და Mother (დედა).
little_willie1915Little Willy
ამ მოდელების საფუძველზე მომავალში აწყობილ იქნა, კოშკურის არმქონე მძიმე ტანკები . ახალ საბრძოლო მანქანას, უპრობლემოდ უნდა გადაელახა მოწინააღმდეგის პოზიციების წინ არსებული მავთულხლართები და სანგრებიდან გახსნილ ცეცხლს ის ვერ უნდა დაეზიანებინა. შეიქმნა Mark I-ის ორი მოდელი: მამალი და დედალი. მათ შორის განსხვავება ის იყო, რომ ,,მამალი“ ოდნავ უფრო მეტს იწონიდა და შეიარაღებული იყო ტყვიამფრქვევებით და ორი 57მმ-იანი ქვემეხით, ხოლო დედალს მხოლოდ ტყვიამფრქვევები ჰქონდა. სულ გამოუშვეს 75 ,,მამალი“ და 75 ,,დედალი“ ტანკი. საბრძოლო მანქანა 30-მდე ტონას იწონიდა, ეკიპაჟი 8 წევრისაგან შედგებოდა, ძრავის სიმძლავრე შეადგენდა 105 ცხენის ძალას. ტანკის მაქსიმალური სიჩქარე იყო 6,4 კმ/სთ, თუმცა რადგანაც ტანკს არაერთგვაროვან რელიეფზე უწევდა მოქმედება მისი სიჩქარე იშვიათად თუ აღემატებოდა 3კმ/სთ-ს. საბრძოლო მანქანის 57მმ-იანი ქვემეხების ეფექტური სასროლი მანძილი 1800 მეტრს აღწევდა, ტანკს შეეძლო 3,5 მეტრიანი თხრილის გადალახვა.
  ბრიტანელთა მეოთხე არმიამ, ახალი საიდუმლო საბრძოლო მანქანა პირველად, 15 სექტემბერს 9 კილომეტრიან ფრონტის მონაკვეთზე გამოიყენა. მიუხედავად ტექნიკური ხარვეზებისა რის გამოც , ოპერაციაში ჩართული 49 ტანკიდან ყველამ ვერ მიაღწია ფრონტის ხაზამდე, შედეგი განსაცვიფრებელი იყო. გერმანელი ჯარისკაცები პანიკაში ჩააგდო ახალი მონსტრის გამოჩენამ, ერთ-ერთ მათგანს მოეჩვენა, რომ მათკენ ნამდვილი ეშმაკი მიემართებოდა. შეშინებული ჯარისკაცის სიტყვები უმალ მოედო ახლომდებარე სანგრებს. სოფელი ფლერი კი ერთი ტანკით იქნა აღებული და 300 გერმანელი ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა, დანარჩენებმა კი გაქცევით უშველეს თავს . სოფლის აღებისას ბრიტანელების რიგებში მსხვერპლი არ ყოფილა. მთლინობაში, რამოდენიმე საათში რამდენიმე მნიშვნელოავნი პუნქტი იქნა დაკავებული, ბრიტანელთა არმიამ 3-4 კილომეტრით წინა წაიწია, ზუსტად იმდენით რამდენიც მანამდე 65 დღიანი ბრძოლებით ჰქონდათ დაკავებული. მიუხედავათ წარმატებისა, 15 სექტემბრის ბრძოლები მხოლოდ ტაქტიკური ხასიათის გამარჯვების მომტანი გამოდგა . ამის შემდეგ ოპერაციის მსვლელობისას ტანკები მხოლოდ ორჯერ 25-26სექტემბერს და 13-14 ნოემბერს გამოიყენეს. ამის მიზეზი ახალი საბრძოლო მანქანების გაუმართაობა, მცირე რაოდენობა, ექსპლუატაციის მძიმე პირობები და მოქმედების ტაქტიკის დაუმუშავებლობა იყო.
სომას სტრატეგიული ოპერაცია 18 ნოემბერს შეწყდა, ფრანგებმა და ბრიტანელებმა საკუთარი გეგმა ვერ შეასრულეს, მათ მოწინააღმდეგეს მხოლოდ ათიოდე კილომეტრით დაახევინეს უკან, სადაც გერმანელებმა ახალი თავდაცვითი ხაზი დაიკავეს. ბრიტანელთა და ფრანგთა საბრძოლო დანაკარგებმა 700 000 ადამიანს მიაღწია, აქედან დაახლოებით 150 000-მდე დაიღუპა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა, ხოლო გერმანელთა დანაკრგმა 500 000-ს მიაღწია, აქედან დაიღუპა ან უგზოუკვლოდ დაიღუპა 165 000-მდე ადამიანი. მიუხედავად მიზნის შეუსრულებლობისა, მთლიანობაში სომასა და 1916 წელს წარმოებული სხვა ოპერაციები ანტანტის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკისათვის წარმატებული გამოდგა და სტრატეგიული ინიციატივა მათ ხელში გადავიდა.,,მისი უდიდებულესობა“ ტანკების გამოყენება მართალია მხოლოდ ტაქტიკური გამარჯვების მომტანი გამოდგა , მაგრამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბევრად უფრო დაიხვეწა ამ საბრძოლო მანქანების ტექნიკურ-ტაქტიკური მონაცემები და გამოყენების ტაქტიკა, ომები უფრო მანევრირებადი გახდა და ,,პოზიციური ჩიხის“ პრობლემაც ისტორიას ჩაბარდა.

ავტორი:  ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე. 

U-2 ის ახალი სიცოცხლე.

ლეგენდარულმა ამერიკულმა მზვერავმა თვითმფრინავმა U-2 მა სადაზვერვო ფრენები შესაძლოა 2050 წლამდეც კი გააგრძელოს.
აღნიშნული თვითმფრინავის პირველი მოდიფიკაციები აშშ-ის საჰაერო ძალებში ჯერ კიდევ 1957 წლიდან გამოიყენებოდა.
დღეს კი პენტაგონმა, მოდერნიზებულ U-2 ებს 2019 წლამდე გაუგრძელა საფრენოსნო ვადა. მოდერნიზებული თვითმფრინავი კომპანია Northrop Grumman-ის წარმოების უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავის RQ-4B Global Hawk-ის ერთგვარ ალტერნატივად განიხილება. თუმცა განსხვავებით RQ-4B -სგან, რომელსაც ჰაერში 24 საათი შეუძლია გაჩერება, U-2 მხოლოდ 12 საათს დაფრინავს.

თანამედროვე U-2-ს კომპანიების Lockheed Martin-ის და Raytheon-ის მიერ მთელი რიგი მოდიფიცირება ჩაუტარდა. მასზე დამონტაჟდა ASARS-2B ტიპის საბორტე რადიოლოკატორი, SYERS-2C ტიპის ოპტიკურ-ელექტრონული დაზვერვის სისტემა, ახალი ავიონიკა, უახლესი ნავიგაციის და კავშირგაბმულობის თანამგზავრული სისტემები.
ამ დროისათვის აშშ-ის საჰაერო ძალებში 27 ერთეული ერთადგილიანი და 5 ერთეული ორადგილიანი U-2 ირიცხება. სპეციალისტთა აზრით თვითმფრინავს აქვს პოტენციალი რომ აშშ-ს საჰაერო ძალებში 2050 წლამდეც გაძლოს.

 

უპილოტო ავიაციაში ახალი ერა იწყება.

2015 წლის 22 აპრილი უპილოტო ავიაციის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების და კორპორაცია Northrop Grumman-ის მიერ ერთობლივად ჩატარებულ საგამოცდო ტესტირებაზე X-47B UCAS-D ტიპის უახლესმა დამრტყმელმა უპილოტო თვითმფრინავმა ფრენის ავტონომიურ რეჟიმში, ისტორიაში პირველად საჰაერო ტანკერიდან საწვავის შევსების პროცედურა განახორციელა.
ავიაკომპანია Omega Air ის კუთვნილი KC-707  ტიპის საჰაერო ტანკერიდან X-47B-მა დროის შეზღუდულ მონაკვეთში 1,8 ტონა საწვავი მიიღო.

X-47B ტიპის აღნიშნულმა საფრენმა აპარატმა პირველი აფრენა 2011 წლის 4 თებერვალს, ედვარდსის საჰაერო ბაზიდან განახორციელა. მას შემდეგ ეტაპობრივად მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოცდო ტესტირებები, მათ შორის ავიამზიდიდან აფრენა-დაფრენაში და მართვადი ზეზუსტი შეიარაღების გამოყენებაში.

ფრენის ავტონომიურ რეჟიმში საწვავით გამართვისა და შეიარაღების გამოყენების შესაძლებლობა საშუალებას აჩენს, რომ მომავლის სამხედრო კონფლიქტებში  უპილოტო ავიაციის როლი განუზომლად გაიზარდოს.

B-52 ის შიდა საბომბე ნაკვეთურებს მოდერნიზაცია ჩაუტარდებათ.

პენტაგონის გადაწყვეტილებით აშშ-ს საჰაერო ძალების შეიარაღებაში მყოფი B-52 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენების შიდა საბომბე ნაკვეთურებს მოდერნიზაცია ჩაუტარდებათ.
გამოცხადებულ ტენდერში უმსხვილესმა ამერიკულმა ავიამშენებელმა კონცერნმა Boeing-მა გაიმარჯვა.

პირველ ეტაპზე კომპანია უკვე არსებული კარუსელის ტიპის ბომბების ჩამომყრელი მოწყობილობის სამ პროტოტიპს წარმოადგენს, რომლიდანაც საბოლოოდ აირჩევა ერთ-ერთი. 2016 წლის მარტიდან კი უკვე დაიწყება თვითმფრინავების ახალი შიდა საბომბე ნაკვეთურებით აღჭურვა, რომელიც საშუალებას იძლევა B-52 ზე მართვადი და კორექტირებადი სარაკეტო-საბომბე შეიარაღების არსენალი 50 % ით გაიზარდოს. ახლანდელ მოდიფიკაციებში მართვადი შეიარაღების დაკიდება მხოლოდ თვითმფრინავის ფრთებზე, გარე პოლონებზეა შესაძლებელი.

მოდერნიზაციის შემდეგ პირველ ეტაპზე ახალ საბომბე ნაკვეთურში შესაძლებელი იქნება 24 ერთეული 227 კგ კალიბრის და 20 ერთეული 907 კგ კალიბრის JDAM ის ტიპის კორექტირებადი ბომბების დაკიდება. შემდეგში კი JASSM და JASSM-ER ტიპის  ფრთოსანი რაკეტების დაკიდებაც.

Rheinmetall-მა ახალი ქსმ Marder Evolution წარმოადგინა.

გერმანულმა თავდაცვითი მრეწველობის გიგანტმა, კომპანია Rheinmetall-მა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში გამართულ საერთაშორისო გამოფენა IndoDefence 2014-ზე  მოდიფიცირებული ქვეითთა საბრძოლო მანქანის Marder Evolution-ის კონცეპტუალური მოდელი წარმოადგინა.
მოდერნიზებულ მანქანაზე ჩატარებულია მთელი რიგი ტექნიკური ცვლილებები, ბორტების დაცულობა კუმულაციური ყუმბარების წინააღმდეგ გაზრდილია STANAG Level 4+ დონემდე, ფსკერის ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა კი Level 3a/3b+ დონეს შეესაბამება. გაძლიერებულია ძრავი და დაკიდების სისტემაც.

შეიარაღების სახით მანქანაზე შესაძლებელია დამონტაჟდეს როგორც  12,7 მმ ტყვიამფრქვევი ასევე კომპანია OTO Melara-ს წარმოების 105 მმ ქვემეხის კოშკურა, რაც Marder Evolution-ს მძიმე საცეცხლე მხარდაჭრის მანქანად აქცევს.

1 2