დელტა
ბლოგი
SP70 –  ცივი ომის პერიოდის ექსპერიმენტული ევროჰაუბიცა
გამოქვეყნების თარიღი:
19/12/2018

SP70 (ასევე: PzH 70 და PzH 155-1) – ევროპული საცდელ-ექსპერიმენტული 155 მმ კალიბრიანი თვითმავალი ჰაუბიცა, რომელზეც ცივი ომის ბოლო პერიოდში, 1973 დან 1986 წლამდე ერთობლივად მუშაობდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი და იტალია.
1963 წელს NATO-ს წევრმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ მემორანდუმს რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების შეიარაღებაში შემავალი პერსპექტიული ბუქსირებადი და თვითმავალი საარტილერიო სისტემების ტექნიკურ და ბალისტიკურ მონაცემებს განსაზღვრავდა. ჰაუბიცების კალიბრი 155 მმ ით განისაზღვრა, მაქსიმალური სროლის მანძილი კი აქტიურ-რეაქტიული ჭურვებით 30 კმ. ჰაუბიცები უნიფიცირებული უნდა ყოფილიყო იმ პერიოდისათვის NATO-ს წევრი ქვეყნების არსენალში შემავალ ყველა 155 მმ კალიბრის ჭურვებთან მათ შორის იყო სპეციალური ბირთვული ჭურვებიც.

FH_70_155mm_gun_(6065127314)
ბუქსირებადი ჰაუბიცა FH-70

სწორედ ამ მემორანდუმის ფარგლებში 1968 წლიდან გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა დაიწყეს ერთობლივი მუშაობა FH-70 ტიპის 155 მმ კალიბრიან ბუქსირებად ჰაუბიცაზე. 1970 წელს პროექტს იტალიაც შეუერთდა. თუმცა იმ პერიოდისთვის პროექტში ჩართული ქვეყნების სახმელეთო ჯარების წინაშე არსებული გამოწვევები თვისობრივად ახალი ტიპის და შესაძლებლობების მქონე საარტილერიო საშუალებებს მოითხოვდა. შედეგად 1973 წლიდან FH-70 ის საბრძოლო ნაწილის და „ლეოპარდ-1“ ტიპის ტანკის შასის გამოყენებით დაიწყო უახლეს თვითმავალ ჰაუბიცაზე მუშაობა, რომელსაც ინდექსი SP70 მიენიჭა.
გერმანული მხრიდან სამუშაოებში კომპანია Rheinmetall ჩაერთო, რომელმაც სისტემის შასი, ძალური აგრეგატი, ლულა, დამტენი მექანიზმი და ელექტრო-ჰიდრავლიკური სისტემები შეიმუშავა. იტალიური მხრიდან კომპანია Oto Melara-მ დამხმარე ძალური აგრეგატი, ვერტიკალური დამიზნების სისტემა, ქვემეხის საყრდენი, უკუცემის ჩამხშობი და გამაწონასწორებელი მექანიზმები შეიმუშავა. ბრიტანულმა ინჟინრებმა კი ჰაუბიცისთვის კოშკურა, ჭურვების ნაკვეთური, სამიზნე მოწყობილობები და გრუნტიდან ჭურვების მიწოდების სისტემები შეიმუშავეს.

100-5128_SP70_Shrivenham_RCooke_c

1980 წელს დამზადდა პირველი 5 ერთეული საცდელი ნიმუში, თუმცა არადამაკმაყოფილებელი სროლის ტემპის გამო შემდგომ დამატებით 10 მოდიფიცირებული მანქანა დაემატა. 1982 წლიდან გერმანიაში დაიწყო ჰაუბიცის საჯარისო გამოცდები. საერთო ჯამში დაგეგმილი იყო 640 ერთეული მანქანის აწყობა საიდანაც 400 ერთეული ბუნდესვერისთვის იყო განკუთვნილი. 1986 წელს პროექტს დიდი ბრიტანეთი გამოეთიშა. გარდა ამისა პროექტის ღირებულება უფრო და უფრო იზრდებოდა რამაც საბოლოოდ მისი დახურვა გამოიწვია.
შემდგომში სამივე ქვეყანამ შეიარაღებაში მაინც მიიღო თვითმავალი ჰაუბიცები თუმცა გაუმჯობესებული და საკუთარი წარმოების. დიდმა ბრიტანეთმა AS-90 ტიპის ჰაუბიცა, გერმანიამ PzH-2000, იტალიის შეიარაღებულმა ძალებმა კი Palmaria. სამივე ამ სისტემაში გამოყენებული იყო SP70 ის პროექტისას შემუშავებული აგრეგატები და ტექნოლოგიური სიახლეები.
………….
ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები

საბრძოლო მასა – 43,5 ტონა
ეკიპაჟი – 5 კაცი
ქვემეხის კალიბრი – 155 მმ
ლულის სიგრძე – 39 კალიბრი
საბრძოლო კომპლექტი – 39 ჭურვი
სროლის მანძილი  სტანდარტული მსხვრევად-ფუგასური ჭურვით – 24 კმ
სროლის მანძილი აქტიურ რეაქტიული მსხვრევად-ფუგასური ჭურვით – 30 კმ
სროლის მანძილი მართვად-კორექტირებადი ჭურვით – 20 კმ
საბრძოლო სწრაფსროლა – 6 გასროლა/წთ
მაქსიმალური სიჩქარე ტრასაზე – 68 კმ/სთ
სვლის მარაგი – 420 კმ.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.