დელტა
M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების შესახებ თავდაცვის სამინისტროსა და ებრაულ კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა

M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების მიზნით, ახალი ქართულ-ებრაული საწარმო სსსტც „დელტას“ ტერიტორიაზე წლის ბოლოს ამოქმედდება. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და ებრაული კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს მოაწერეს ხელი.
„დელტას“ პატრონაჟით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ საწარმოში M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სრული ტექნოლოგიური პროცესი წარიმართება.
M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ადგილობრივი წარმოების პროექტის განხორციელების პროცესი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო.
სამომავლოდ განიხილება საწარმოს ფუნქციური დატვირთვის გაზრდა და სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისა და აქსესუარების წარმოება. ასევე, საწარმოში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის იარაღის მოდერნიზებაზე მუშაობა. პროექტის მიხედვით, საწარმოში დამზადებული იარაღი თავდაცვის ძალებს გადაეცემა. ასევე, დაგეგმილია პროდუქციის საექსპორტო წარმოება.

+
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ უნგრეთის პრემიერ მინისტრის სამთავრობო ოფისის წარმომადგენლები ეწვივნენ

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ უნგრეთის პრემიერ მინისტრის სამთავრობო ოფისის წარმომადგენლები ეწვივნენ. ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ჯაველიძემ და უნგრეთის ეროვნული თავდაცვის ინდუსტრიის, თავდაცვის განვითარებისა და სამხედრო კოორდინაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც მხარეებმა პერსპექტიულ ერთობლივ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცენტრის გენერალურმა დირექტორმა სტუმრებს „დელტას“ ტერიტორია და ცენტრში დამზადებული პროდუქცია დაათვალიერებინა, დელეგაციის წევრები ასევე გაეცნენ ცენტრის საწარმოო შესაძლებლობებსა და მიმდინარე პროექტებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თანამშრომლებს „დელტას“ ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

სსსტც „დელტას“ დღეიდან ზურაბ ჯაველიძე უხელმძღვანელებს. ახალი დირექტორი თანამშრომლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ წარუდგინა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებულ და დაწყებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მალე „დელტაში“ რამდენიმე საერთაშორისო ერთობლივი საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას. უკვე ყოფილ თანამშრომლებს მიესალმა ზურაბ აზარაშვილიც, რომელიც „დელტას“ ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ამჟამად თავდაცვის მინისტრის მოადგილეა. მან თანამშრომლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ ხელმძღვანელს კი, გუნდთან ერთად დაწყებული პროექტების წარმატებით დასრულება უსურვა.

ზურაბ ჯაველიძე პროფესიით ენერგეტიკოსი და საბანკო საქმის სპეციალისტია. „დელტას“ ხელმძღვანელად დანიშვნამდე მას შპს „კავკასენერგოს“ გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა, სხვადასხვა დროს მუშაობდა სს „საქენერგორემონტსა“ და სს „ენერგომონტაჟრემონტში“ ხელმძღვანელ პოზიციებზე.

თავდაცვის ძალების კუთვნილმა პირველმა მოდერნიზებულმა თვითმფრინავმა, სუ-25-მა რემონტის შემდგომი საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა

თავდაცვის ძალების კუთვნილმა პირველმა მოდერნიზებულმა თვითმფრინავმა, სუ-25-მა რემონტის შემდგომი საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა. სუ–25 ტიპის თვითმფრინავის აღდგენა-მოდერნიზაცია სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენისა და სსსტც „დელტა“-ს ერთობლივი თანამშრომლობით, თავდაცვის სამინისტროს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ჩართულობითა და ზედამხედველობით განხორციელდა.

სუ-25 ტიპის თვითმფრინავის აღნიშნული მოდიფიკაცია ორმაგი დანიშნულებისაა, რაც იძლევა საბრძოლო და სასწავლო ფრენების განხორციელების შესაძლებლობას. ყოველ მომდევნო საფრენ აპარატებზე შემდგომი საგამოცდო ფრენები ეტაპობრივად, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით განხორციელდება.

სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენის აეროდრომზე განახლებული საფრენი აპარატის საცდელ ფრენას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე დაესწრნენ.

თავდაცვის ძალების ავიაციის პარკის განახლების პროექტი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს. ავიაციის განვითარების მიზნით, 2020 წლის ივლისში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული სუ-25 ტიპის თვითმფრინავის მოდერნიზაციასა და კაპიტალურ რემონტს ითვალისწინებს.

ავიაციის პარკის განახლების აქტიური ფაზა 2020 წლის აგვისტოდან დაიწყო და თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების კაპიტალური რემონტი 2022 წლის ბოლომდე დასრულდება. საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზაცია ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. პარალელურად, მფრინავები და ტექნიკური პერსონალი კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისად გადამზადებას გადიან. პირადი შემადგენლობის მომზადება როგორც ადგილზე, ასევე მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა გადაეცა
საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი“, მათ შორის „დიდგორი მედევაკი“ და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები გადაეცა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავდაცვის ძალები ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით აღიჭურვა.
ჯავშანმანქანა „დიდგორების“ ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დაესწრო. მისი განცხადებით, ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა და თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
40-მდე „დიდგორის” ტიპის სამედიცინო და მრავალფუნქციური დანიშნულების ჯავშანმანქანა თანამედროვე და მაღალი სტანდარტების მიხედვით არის აწყობილი. სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ სამედიცინო დანიშნულების, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად არის დამზადებული. „დიდგორი“ კი, მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად არის განკუთვნილი. „დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა.
სამხედრო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ შპს „დელტა ტექსტილი“ დააფუძნა

სამხედრო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ შპს „დელტა ტექსტილი“ დააფუძნა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შპს „დელტა ტექსტილის“ მიერ შეძენილი „ჯეო-ემ-ტექსის“ სამკერვალო ფაბრიკა დაათვალიერა და მის შესაძლებლობებს გაეცნო. „დელტა ტექსტილი“ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ დააფუძნა. „დელტა ტექსტილმა“ რომლის 100%-იანი წილი სახელმწიფოს მფლობელობაშია, ევროპულ ბაზარზე აქტიურად მომუშავე, ტექსტილის მწარმოებელი მსხვილი ქართული კომპანიის „ჯეო-ემ-ტექსის“ 49%-იანი წილი შეისყიდა.

სამკერვალო ფაბრიკაში, რომელიც თანამედროვე იტალიური და იაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით არის აღჭურვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა ძალოვან უწყებებში მომსახურე პირებისთვის მაღალი ხარისხის ზამთრის და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო ფორმები შეიკერება. აქვე მოხდება საბრძოლო ეკიპირების, ინდივიდუალური დაცვისა და განტვირთვის სისტემების, მაისურების, საწვიმარი ლაბადების, საქარე ქურთუკების, პულოვერების, ქუდების, ხელთათმანების, ზურგჩანთების, სანივთე ტომრების და სპორტული ტანსაცმლის სერიული წარმოება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს ამბიციური პროექტი საშუალებას მოგვცემს ხარჯების ეკონომიით მივიღოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ასევე, გავაძლიეროთ ქართული ეკონომიკა და შევქმნათ სამუშაო ადგილები.

თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დღეს მხარეებმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმებით დაადასტურეს. დოკუმენტს ხელი სსსტც „დელტას“ დირექტორმა ზურაბ აზარაშვილმა და „ჯეო-ემ-ტექს“-ის წარმომადგენელმა გრიგორი მორჩილაძემ მოაწერეს. მხარეებმა სურვილი გამოხატეს, რომ ურთიერთთანამშრომლობის გზით ადგილობრივ სამკერვალო წარმოებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობენ ხელს. საწარმო მზადყოფნას გამოთქვამს სამინისტროს დაკვეთები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტით შეასრულოს, სამინისტრო კი, თავის მხრივ ფორმების იმპორტს ადგილობრივი ნაწარმით ჩაანაცვლებს.

„დელტა ტექსტილის“ საწარმოო ბაზა წარმოდგენილია 2015 წელს დაფუძნებული, ყველაზე საუკეთესო სამკერვალო ფაბრიკის სახით, სადაც ამჟამად 360 ადამიანია დასაქმებული. კონკრეტული კომპანია საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ უძრავ-მოძრავი აქტივებისა და საწარმოო პოტენციალის შეფასების შემდეგ შეირჩა. კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა მსოფლიოში აპრობირებული წარმატებული პრაქტიკაა, რომელიც განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება თავდაცვის სფეროში წარმოების მიმართულებით. ინვესტიციის განხორციელების შედეგად, შპს „დელტა ტექსტილს“ მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროექტების მინიმალური მარჟის პირობებში განახორციელების საშუალება მიეცემა.დელტა ტექსტილი

1 2 3 17